საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, კორონავირუსმა ჯანდაცვის სისტემა გატესტა და გარკვეული ხარვეზებიც გამოჩნდა. როგორც ხუნდაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მას აღნიშნულ პრობლემებზე საჯაროდ მიზანმიმართულად იმიტომ არ უსაუბრია, რომ ეს ამ სიტუაციაში საერთო შედეგზე ნეგატიურად აისახებოდა.
„არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ კომიტეტის ქება-დიდება დავიწყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების როლი გამორჩეულია, თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების დახმარებით არ დამდგარა. ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი ექიმების არაგულწრფელ ქება-დიდებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი როლი გაექარწყლებინათ, თითქოს, ეს მხოლოდ ექიმების კლინიკებში, სტაციონარებში პაციენტთან უშუალო მუშაობის შედეგი იყო. მთელი სისტემა მუშაობდა- დაწყებული მესაზღვრეებიდან, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებიდან, თითოეული სამსახურის უფროსით დამთავრებული. ეს შედეგი საერთო და ყველასთვის სასურველია. მოდით, ნუ დავკარგავთ შედეგს. რა თქმა უნდა, პრობლემები არის. სისტემა გარკვეულწილად გაიტესტა, კორონამ ჯანდაცვის სისტემა გატესტა. ჩვენ ხარვეზებიც ვნახეთ. ჩემს მეგობრებთან შეთანხმებით ტელევიზიით კონკრეტული კლინიკების ხარვეზები არ გამომიტანია, რადგან წინა ხაზზე ექიმები დგანან და ახლა იმის დრო არ იყო, რომ კონკრეტული კლინიკის მისამართები ან კლინიკის ექიმების ხარვეზები გარეთ გამოგვეფინა. ეს ეპიდემიოლოგიური ბრძოლა იყო. იყო საკითხები, რომელსაც ჩვენ სენსიტიურად მივიჩნევდით და იმის დრო არ იყო, როცა ეს საკითხები გარეთ გამოგვეფინა, რადგან ეს ჩვენს საერთო შედეგზე ნეგატიურად იმოქმედებდა“,-განაცხადა ხუნდაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული სამსახურისთვის და მათ თანადგომა გამოუცხადა.