საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა

2020 წლის 18 მაისს, უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარომებისას, რომელსაც ასრულებს „China Road and Bridge Corporation“, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულ პირს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს „China Road and Bridge Corporation“. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.