2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს (11.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლებია) შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 186.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 171.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 166.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტს შორის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების, ელექტროენერგიის, სატვირთო ავტომობილების იმპორტია გაზრდილი.