საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, რომელთაგან ერთი დაკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები. უწყების ინფორმაციით, ამ ქმედებით ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა სასაქონლო ნაშთი და ყალბი აქტივი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.