მინდა, მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ არ მინდა, რომ რაღაც მაიმუნობას ჰქონდეს ადგილი, - ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, ლევან გოგიჩაიშვილმა მინისტრის მოადგილეს სთხოვა წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია ბიზნესის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ არის რიგი კომპანიები, რომლებიც საგანგებო ვითარების პირობებშიც აგრძელებდნენ მუშაობას, იღებდნენ მოგებას და საგადასახადო შეღავათს ყველა ბიზნესი თანაბრად არ საჭიროებს.
„თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ სადღაც რაღაც ბიზნესი არ დაზარალებულა, წარმოგვიდგინეთ. მაგალითად, სიგარეტის იმპორტი დაზარალდა, ის კომპანიები დაზარალდნენ სიგარეტს, ვინც ყიდის? წარმოგვიდგინეთ სექტორების მიხედვით, კონკრეტულ კომპანიაზე თქვით, რომ ამ კომპანიას ორი თვის განმავლობაში ეს შეუმცირდა. „პე-ეს-პეს“ მაგალითად ამდენით შეუმცირდა. კი შეიძლება რაღაც შეუმცირდა, მაგრამ პირბადე ხუთმაგ ფასში გაყიდა. მაგალითად, აფთიაქებში კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ გაიზარდა სხვა საშუალებებზე. მინდა მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ არ მინდა, რომ რაღაც მაიმუნობას ჰქონდეს ადგილი. ის, რომ მთავრობა უცხო არაა კორუფციასთან მიმართებაში და სისტემაში ადამიანები ფულს შოულობენ, კითხვის ნიშანი ამასთან არავის არ გააჩნია. გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს ისეთი, რომ ჰქონდეს კორუფციის ელფერი. არასწორად მიდიოდეს თანხები სხვაგან. ბევრი საკუთარი სარგებლისთვის იყენებდა ამ სიტუაციას და ფარდის უკან რაღაცეებს მაიმუნობდნენ. მეორე მოსმენისთვის წარმოგვიდგინეთ ეს ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ამ ინიციატივებით სიკეთეც გაკეთდება, მაგრამ შესაძლოა ვიღაცებმა ხელიც მოითბონ“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ კონკრეტულ გადამხდელებზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს და შეუძლია ზოგადი სექტორული მონაცემები წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ასევე, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. გარდა მაისა, დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა.