სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს დამოუკიდებელი ორგანო განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ პარლამენტიურ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც რაზმაძემ აღნიშნა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც გამჭვირვალე პროცესის შედეგად, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით. ამასთან, გასაჩივრების შემთხვევაში მოქმედებს ე.წ „შეჩერების“ მექანიზმი, რა დროსაც შეჩერდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, თუმცა შეჩერებას არ დაექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურა, მისი შინაარსიდან გამომდინარე.
სააგენტოს მიერ შემუშავებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის დღეს არსებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა, რაც უზრუნველყოფს დავების განხილვის საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლება ექნება ამ მიზნით შექმნილ საბჭოს ან სასამართლოს. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, ერთ-ერთ განმხილველ ორგანოდ ნებისმიერ შემთხვევაში აღარ არის გათვალისწინებული თავად შემსყიდველი ორგანიზაცია (ადმინისტრაციული წესით).
კანონპროექტის თანახმად, აღარ იარსებებს საბჭოს ორი შემადგენლობა, არამედ იარსებებს მხოლოდ ერთი – 5-წევრიანი შემადგენლობა. საბჭო განისაზღვრება, როგორც კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო. იკრძალება რაიმე ზემოქმედება საბჭოზე ან მის წევრზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მის რეგლამენტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დადგენილებით.
„საბჭოს წევრები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე. კანდიდატებს შეარჩევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია, შერჩეულ კანდიდატებს კი საბჭოს წევრებად დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს წევრობისთვის, მცირედი განსხვავებით, დგინდება იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, კერძოდ, საბჭოს წევრად შესაძლებელია არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს მაინც უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება. მხოლოდ იურისტ წევრთაგან შეიძლება იქნეს არჩეული საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს: დასაქმებული სხვა საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში; ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, დაუშვებელია საბჭოს წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლება, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა (რომლებიც შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის/საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს). საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, რაც აგრეთვე ემსახურება საბჭოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ეყოლება აპარატი, რომელიც, სახელმწიფო სახსრების ეკონომიურობის უზრუნველყოფის მიზნით, იქმნება კონკურენციის სააგენტოს შემადგენლობაში“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ცვლილებით იზრდება იმ სადავო საკითხთა ნუსხა, რომელიც დაექვემდებარება საბჭოში გასაჩივრებას.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით ფართოვდება გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრე, აგრეთვე, ვინაიდან იზრდება დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის ვადები, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლის ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე.
„დღეს არსებული რეგულაციით თუ არ საჩივრდებოდა გამარტივებული შესყიდვები, ახლა საჩივრდება ყველა გადაწყვეტილება, რასაც კი შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს. ასევე საჩივრდება ახალი რეგულაციით შეწყვეტილი ტენდერები, თუ ის არ არის დასაბუთებული და სწორად არ არის ოქმში აღწერილი მისი შეწყვეტის მიზეზები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე ოქმს 5 დღის გასაჩირების ვადა ჰქონდა, ახლა 10 დღე ექნება. რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვას, გასაჩივრების დროს პროცედურა არ ჩერდება“, - განაცხადა რაზმაძემ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, დავების განხილვის საბჭოს აპარატში დასაქმებულია 8 თანამშრომელი და მათი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს, საშუალოდ, 168 000 ლარს. ამასთან, კანონპროექტით, დავების განხილვის საბჭოს აპარატის წევრები იქნებიან კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, ხოლო აპარატის შემადგენლობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 10 თანამშრომლით და მათი სავარაუდო წლიური ხელფასი შეადგენს 254 400 ლარს. ამასთან, დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით და მათი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 557 822 ლარს.
„საგულისხმოა, რომ ამჟამად მოქმედი დავების განხილვის საბჭოს აპარატი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთ დანაყოფს. ამდენად, აპარატის წევრები არიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლები. ამასთან, კანონპროექტის მიღებით ავტომატურად არ გაუქმდება ხსენებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციები.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, რაც გამომდინარეობს მისი ეტაპობრივი დანერგვის აუცილებლობიდან. რეფორმირებული დავების საბჭოს და მისი აპარატის ფუნქციონირება დაიწყება 2021 წლის 1 იანვრიდან და ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.