მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება. პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად, აღნიშნული სტატუსის მისაღებად პირი მაღალმთიან დასახლებაში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში 9 თვის ნაცვლად, 6 თვის ვადით ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს.
კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ 19 დასახლებას, რომლებიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა.
გარდა ამისა, კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80% და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომელიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს.
„საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 58 დასახლებას, სადაც 2014 წლის აღწერით ცხოვრობს 20 720 მოსახლე,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტზე, განმარტებითი ბარათის თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებისთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 3,1 მილიონი ლარი. ხოლო დანარჩენი 39 დასახლებისთვის, წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 4,1 მილიონი ლარი. კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.