დახურული ბიზნესი, შემცირებული ხარისხი ან გაზრდილი ფასები - რას გამოიწვევს Covid19-თან დაკავშირებული რეგულაციები

ბიზნეს სუბიექტების ბაზრიდან გასვლა, ხარისხის შემცირება, ან ფასების ზრდა- ეს ის მოსალოდნელი შედეგებია, რომლის გამოწვევაც Covid19-თან დაკავშირებით მიღებულ რეგულაციებს შეუძლია. გარდა იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, კომპანიების უმრავლესობამ იზარალა, ახლა უკვე ხარჯის გაღება იმ სავალდებულო რეკომენდაციების დაცვაზე მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა სექტორისთვის ინდივიდუალურად შეიმუშავა.

თერმოსკრინიგი, სადეზინფეციო საშუალებები, დეზობარიერი, დისტანცია, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ეკიპირება - იმ მოთხოვნების ნაწილია, რომლის დაცვაც ყველა ბიზნეს სუბიექტს მოუწევს. ყველაზე მთავარი კი, მაინც ის არის, რომ კომპანიების უმრავლესობას მომხმარებლების მომსახურებაც შეზღუდული რაოდენობით შეეძლებათ.

კითხვაზე - აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება რამდენ ხანს იქნება სავალდებულო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში, ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. როგორც შრომის ინსპექციის დირექტორის მოადგილე მაია მიქაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ეს დამოკიდებულია ინფექციის გავრცელების რისკებზე. შესაბამისად, უცნობია მისი შერბილების ვადებიც.

„რეკომენდაციების შესრულება, ზუსტად რამდენი ხანი გაგრძელდება, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვებრძვით ვირუსს, რომელიც არ ვიცით როდის დასრულდება. შესაბამისად, ის რეკომენდაციები, რომელიც არის მიღებული, უნდა გაგრძელდეს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ტექნიკურ რეგლამენტში მოხდეს ამ რეკომენდაციების გადატანა. რაც შეეხება მის შერბილებას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს“,-აცხადებს მაია მიქაია.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე იმ მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რომლის გამოწვევაც აღნიშულ ვალდებულებებს ბიზნესისთვის შეუძლია.

რაც შეეხებ ნეგატიურ ეფექტს, მისი თქმით, ეს რეგულაციების მოქმედების ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

„ეს რეგულაციები იმდენად მძიმედ დააწვება ბიზნესს, რამდენ ხანსაც გაგრძელდება მისი შესრულების ვალდებულება. თუ მისი შესრულება აუცილებელი იქნება 6 თვე და 1 წელი, მაშინ, ძალიან დიდი წნეხი იქნება ბიზნესისთვის. იმიტომ, რომ ზოგიერთი კომპანიისთვის, მაგალითად, კვების ობიექტებისთვის, სადაც დისტანციის გამო, იმაზე ნაკლები მომხმარებელი უნდა მიიღონ, ვიდრე ჩვეულებივ ვითარებაში იღებდნენ, ეს კიდევ დამატებით გაზრდილ ხარჯს და შემცირებულ შემოსავლებს ნიშნავს. დაახლოებით, ასეთი ვითარება იქნება მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულებით. გააჩნია, ვის რა ტიპის საქმიანობა უწვეს.

აქ ყველაზე გადამწყვეტი არის დრო. რაც უფრო დიდ ხანს მოუწევს ბიზნესს ამ ვითარებაში ყოფნა, ხარჯი მით უფრო გაეზრდება.

შედეგად, არის რისკი, რომ შედარებით მცირე კომპანიები დაიხუროს. მათ ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა, რადგან დიდ კომპანიებთან კონკურენტობა, მათთვის ისედაც მძიმეა და ასე მარტივად მომსახურების ფასს ვერ გაზრდიან. ანუ, მომხმარებლის ხარჯზე თავს ვერ გადაირჩენენ, როგორც ეს სხვა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები საბოლოო ჯამში რაღაცაზე მაინც ჰპოვებს ასახვას. ეს სხვა რაღაც კი სავარაუდოდ, იქნება - დახურული ბიზნესი, შემცირებული ხარისხი ან გაზრდილი ფასები. თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ბაზარი მისცემს. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც წესი, მცირე და საშუალო კომპანიებს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ ფასი თვითონ არეგულირონ, შესაბამისად, მათთვის ეს გამოსავალი ვერ იქნება.

რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, მათ ხარჯი გაცილებით დიდი ექნებათ, თუმცა ბრუნვაც მეტი აქვთ. ბაზარზეც თამაშის წესების, ფასების ლავირების და ახალი რესურესიების მოძების კუთხითაც მეტი არჩევანი აქვთ, ამიტომ ასეთი ტიპის კრიზისებს, მათ ნაკლებად მოერევა“,-ამბობს ლაშა ლაბაძე.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კრიზისების გადატანა კომპანიებმა მარტივად შეძლონ, დამსაქმებელთა ასოციაციის დირექტორი ფიქრობს, რომ ადგილობრივ კომპანიებს მეტი წახალისება სჭირდება.

„მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითრება, რომ რაც შეიძლება მინიმალურ ფასად მოხდეს ამ დამცავი საშულებების შეძენა. რაც მთავარია, ამაში გადახდილი ფული, ისევ ქვეყანაში დარჩეს. მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე უნდა გაჩნდეს, რომ კონკურენცია გაიზარდოს და ფასი იყოს მოქნილი. მე ვფიქრობ, კომპანიების წახალისებისთვის, გარკვეული სუბსიდიებიც კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება“,-ამბობს ლაშა ლოლაძე.

ნინი ქეთელაური