როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ტესტების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, სულ 30,000 ერთეული - თითეულის ღირებულება კი 31 ლარია. პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს „სოლემარტია”. მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. უშუალოდ მასთან მიმართებით არანაირი საეჭვო კავშირი არ იძებნება, თუმცა მისი ბიზნეს-პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ განხორციელებული,“ - ნათქვამია კვლევაში.
გარდა ამისა, მასში საუბარია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საკარანტინო სივრცეებში დახარჯულ თანხებზეც. კვლევის შედეგების თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციამ 15 აპრილის შემდეგ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენებისათვის ჯამურად 690 ათას ლარამდე ღირებულების 8 ხელშეკრულება გააფორმა. ადმინისტრაციას მომსახურებას იგივე სასტუმროები უწევენ, რომლებთანაც მანამდე ჰქონდა თანამშრომლობა, თუმცა ამ ეტაპზე ფასი განსხვავებულია. კერძოდ, წყალტუბო რეზორტი სპას ხელშეკრულებაში, რომელიც მომსახურების გაწევას 31 მარტიდან 30 აპრილამდე გულისხმობდა, ერთი ნომრის ფასი და ერთ ადამიანზე კვების ღირებულება მითითებული არ იყო, ჯამურად კი სასტუმრომ 31 დღით 118 ოთახის გაქირავებაში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო. ახალი ხელშეკრულება 1 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ამჯერად სასტუმრო ისევ 31 დღით 120 ოთახის გაქირავებაში 214 ათას ლარს აიღებს, რაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით 1,1 მილიონი ლარით იაფია. რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, ძველი ფასი შენარჩუნდა სასტუმრო “444”-ის შემთხვევაში, ხოლო ამბასადორი კაჭრეთის მომსახურებაში სახელმწიფომ ისევ მხოლოდ დეზინფექციის თანხა გადაიხადა, ოთახისა და კვების მომსახურება სასტუმრომ კვლავ უფასოდ გაუწია კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ფასები საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ერთი ხელშეკრულება გაფორმებულია სასტუმრო თბილისი შერატონთან, რომელთანაც ადმინისტრაცია მანამდე არ თანამშრომლობდა. შერატონმა 200 ოთახისა და კვების მომსახურება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გაუწია და სანაცვლოდ დეზინფექციის თანხა, 15,800 ლარი მიიღო. „4 მაისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც ერთ პერსონაზე სასტუმროში კარანტინში განთავსების მაქსიმალურ დღიურ ფასად 100 ლარი განისაზღვრა, დაგვიანებითაა მიღებული და სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციის დროულად მიღებით, სახელმწიფოს სასტუმროების დაქირავებისას მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო. საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს,”-აღნიშნულია კველვაში.