მარიამ ქვრივიშვილი - კახეთში გამართულ შეხვედრაზე ძალიან პოზიტიური უკუკავშირი იყო დახმარების პაკეტზე, რომელიც სახელმწიფომ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს შესთავაზა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისგან ძალიან პოზიტიური უკუკავშირი იყო იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც სახელმწიფომ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს შესთავაზა.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ტურიზმის დარგთან, რომელიც კახეთის რეგიონში მოღვაწეობს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე და, მათ შორის, კონკრეტულად რეგიონებში. კითხვები ეხებოდა, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ახალი რეგულაციები, რომელიც უნდა დაინერგოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ზოგადად, გვქონდა ძალიან პოზიტიური უკუკავშირი დარგისგან, რომელიც შეეხებოდა იმ დახმარების პაკეტს, რაც სახელმწიფომ უკვე 3 ეტაპად შესთავაზა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან ღირებულ გამოცდილებაზე, რომელიც სასტუმროებმა, უმეტესწილად კახეთის რეგიონში, შეიძინეს საკარანტინე პროექტში ჩართულობით. მათი განწყობა ძალიან პოზიტიურია, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს ისინი უფრო წინ არიან ამ გამოწვევის წინაშე და მოემსახურებიან ტურისტებს ბევრად უფრო დაცულად," - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო უნდა მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

„შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა გრძელდება, მოვუყევით იმ გეგმების შესახებ, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის დახმარების კუთხით ახალი რეგულაციების და პროექტების უმოკლეს ვადაში გავრცელებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო დანიშნულების პოზიციონირებასთან. მიმართულება მარტივია, საქართველომ ძალიან სწორი გზა გაიარა და გვაქვს კოვიდ-19-თან ბრძოლის წარმატებული ისტორია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ყველა სტრატეგიულ წერტილში და არა მხოლოდ პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ამისთვის ყველა ერთად, ყველა უწყება და ბუნებრივია დიპლომატიური კორპუსი განვაგრძობთ მუშაობას. უფრო მეტად ვაქტიურდებით, ვინაიდან პირველი ივლისი არის ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ პირველი საერთაშორისო მოგზაურები და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს სტრატეგიულ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შეთანხმების მიღწევა და ამაში დიდ როლი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თითოეულ ელჩს,“- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.