სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა „ლიბერთი ბანკის“ აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ასევე ეტაპობრივად მოხდება „ლიბერთი ბანკის“ მიერ აგრობარათების დარიგება , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
„ფერმერთა საყურადღებოდ! - პროგრამის პოტენციური ბენეფიციარების სიმრავლიდან გამომდინარე, მასობრივი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის ვებ-პორტალზე myliberty.ge. გადამოწმების შემდეგ მიმართეთ ბანკს. ბანკში ვიზიტის დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ სტრატეგიული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე arda.gov.ge
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.