წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი მონაცემებით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ სული შეადგინა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ ფრთას მიაღწია.
„წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 107 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 160.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.