დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების შესყიდვა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე დროებით შეჩერდა, თუმცა ისინი აუცილებლად განახლდება. ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება.
„მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტენდერი ფაქტობრივად გამოცხადებული იყო, თუმცა ამ სიტუაციის გამო, დროებით შევაჩერეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება მიკროავტობუსების შესყიდვა, აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება განახლებული და მოწესრიგებული. პარალელურად, ჩვენ ამ პროექტების განხორციელების დროს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, განახლდეს და შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაადგილება,“- განაცხადა კახა კალაძემ.