„ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება - გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება"

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე სრულდება მუშაობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობდა.

„ხვალიდან უკვე ვიწყებთ ასფალტის ბოლო ფენებით მოწყობას. პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდეა, სადაც უკვე საკომუნიკაციო ჭების თავები ყველა წამოწეულია და გამზადებულია იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენის დაგება მოხდეს. ხვალ საღამოდან დაიწყება ამ სამუშოების განხორციელება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე მთლიანად იქნება დასრულებული. შემდეგ იქნება მეორე ეტაპი. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გადათხრილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, მთლიანადაა დასრულებული და იქაც ქვედა ფენებშია გზა მოწყობილი და დროებითი დახაზვის სამუშაოებია განხორციელებული. დაახლოებით სამი კილომეტრის მონაკვეთია ჭავჭავაძის გამზირი მთლიანად, სადაც მიმდინარეობს განახლება და ულამაზესი პროექტი გამოდის“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხებ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციას, კალაძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება.

„ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩაზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება, იქაც დაიწყო მოასფლატების ბოლო სამუშაოები. ბოლო ფენების დაგება მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებშიც იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ ადამიანებმა ფეხით გადაადგილება თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ, გაკეთებული იქნება ველობილიკები, ახალი განათების ბოძები და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნა წარმოებული და აქაც ისე, როგორც არასდროს, მთლიანად იქნა შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - განაცხადა კალაძემ.