ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლარია. იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზეზად, ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მოტივი სახელდება.
კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის პროექტით, რამაც განაპირობა სამინისტროს მხრიდან მაღალი დონის იურიდიული მომსახურების საჭიროება.
როგორც მთავრობის განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ფოთის ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის აუცილებელია დიდი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისად, ინვესტორები მოლაპარაკებებისას იყენებენ მაღალი დონის იურიდიული ფირმების მომსახურებას, აქედან სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულად წარმართვის მიზნით, საჭიროა, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს ჩართული ანალოგიური მაღალი დონის იურიდიული კომპანია.
„საქართველოს პორტების კონტეინერების გადამუშავების მაქსიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენს 750,000 TEU-ს რაც, ტენდენციების გათვალისწინებით უკვე 2021 წელს საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამაც შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფერხებაც გამოიწვიოს. შესაბამისად, ქვეყნისთვის გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტის შეუფერხებლად განვითარების ხელშეწყობა. ფოთის ნავსადგურის განვითარების პროექტი ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც საქართველოსთვის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებაზე პირდაპირ იმოქმედებს,“-აღნიშნულია სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათში.
ამასთან, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის ფორმით მოხდება და მისი ღირებულების ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება.