2020 წლის ბოლოსათვის ანაკლიაში პირველი გემი უკვე უნდა შემოსულიყო. მანამდე ზუგდიდიდან ანაკლიამდე მთავრობას რკინიგზა უნდა გაეყვანა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების ყიდვას. გოცირიძის თქმით, დანაშაულისთვის, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებას უკავშირდება, ყველა პასუხს აგებს.
„მთავრობამ თქვა, ისე იზრდება კონტეინერების რაოდენობა, რომ ჩვენი პორტები 2021 წლისთვის უკვე ვერ მოემსახურებიან საკმარისად და სასწრაფოდ უნდა აშენდეს ფოთის „ღრმაწყლოვანი” პორტიო. ამ პროექტის იურიდიული მომსახურებისათვის ქირაობს უცხოურ კომპანიას, რაშიც 1,2 მილიონ ლარს უხდის. არადა, 2020 წლის ბოლოსათვის ანაკლიაში პირველი გემი უკვე უნდა შემოსულიყო. მანამდე ზუგდიდიდან ანაკლიამდე მთავრობას რკინიგზა უნდა გაეყვანა. ყველაფერი გააჩერა. ამ დანაშაულისათვის ყველა აგებს პასუხს,“ - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლარია. იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზეზად, ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მოტივი სახელდება.