თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა, შეგიძლიათ თქვენი ხარვეზული მოგზაურობა თავისუფლად აქციოთ ფულად კომპენსაციად - 250 ევროდან 600 ევროს ოდენობით.
უკვე სამი წელია საქართველოში სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როცა ვახტანგ ფარცხალაძეს, რომელიც ახლა კომპანიის დამფუძნებელია, ერთ-ერთ ავიახაზზე ბარგი დაუზიანეს, არასასიამოვნო გამოცდილების შემდეგ სააგენტოს შექმნის იდეაც დაიბადა.
„ავიაკომპანიისგან კომპენსაციაზე უარი მივიღე. იმდენად ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი იყო ნივთი, რომელიც დაზიანდა, რომ უარის შემდეგ მოქმედ რეგულაციებში გარკვევა დავიწყე. შემდეგ ხელახლა შევადგინე სარჩელი და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად გამყარებული არ არის, ავიახაზები ბლოკავენ და არ აკმაყოფილებენ,“- აცხადებს ვახტანგ ფარცხალაძე.
ვახტანგ ფარცხალაძე თავის მეგობარ მიხეილ ჭანტურიასთან ერთად flyhelp-ის დამფუძნებელია. მეგობრებს იურიდიული განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული.
”ვნახეთ, რომ ეს მიმართულება მუშაობდა და შესაძლებელი იყო ეს სერვისი გაგვეცნო ქართველი მომხმარებლისთვის, რათა მათაც ესარგებლათ ევროპული კანონმდებლობით. გვინდოდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ყველას გვცოდნოდა ჩვენი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს სერვისი და საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ,“- ამბობს მიხეილ ჭანტურია.
ამ დროისთვის კომპანიას 5000 მგზავრისთვის აქვს სერვისი გაწეული და 3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია აქვს გაცემული.
„იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები კომპენსაციას იღებენ, ყველაზე ხშირია რეისის დაგვიანება და გაუქმება, შემდეგ მოდის ხომალდზე არდაშვება და ბარგი. რაც შეეხება საინტერესო ქეისებს, მახსენდება შემთხვევა, როცა თურქეთის ავიახაზით ოჯახი (5 პირი) მგზავრობდა და რეისმა დაიგვიანა. სამ პირს ავიახაზმა კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, დანარჩენ ორს კი უარი ეთქვა. ჩვენ სამოქალაქო სასამართლოს მივმართეთ და გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის არის ის, რომ მთელი პროცესის დელეგირებას აკეთებს ჩვენზე და დროის და რესურსის ხარჯვა თვითონ არ უწევს. რიგით მოქალაქეს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, საკმაოდ გაუძნელდება, რომ გაუძღვეს მთელ ამ პროცესს. ჩვენ დაზარალებულ მგზავრს სრულ სერვისს ვაწვდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკავებთ საკომისიოს, როცა წარმატებას ვაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის,“- ამბობს ვახტანგ ფარცხალაძე.
Flyhelp ევროპული დავების 5 ყველაზე მსხვილ სააგენტოსთან ერთად ევროპის დავების სააგენტოების გაერთიანებაშიცაა გაწევრიანებული. ამ პლატფორმის საშუალებით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი იყვნენ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რომელიც ავიამგზავრების უფლებებს ეხება და ევროპარლამენტში ან ევროკომისიაში განიხილება.
ავიამგზავრების უფლებების დაცვას ევრორეგულაცია ავალდებულებს. ასევე გამოცემულია ევროკომისიის მიერ დირექტივები, რომელიც ადგენს, რომ 250 -დან 600-მდე ევროს ოდენობით კომპენსაცია ეკუთვნის მგზავრს, რომლის რეისი გაუქმდება ან დანიშნულების ადგილას 3 საათზე მეტის დაგვიანებით ჩავა, ასევე, მგზავრს, რომელიც ბორტზე არ დაიშვება.
„საქართველომ ეს ევრორეგულაცია მიიღო, მაგრამ არ შეგვიტანია მასში ცვლილებები, რომელიც რეისის დაგვიანებას ეხება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხელ-ფეხს გვიკრავს, რადგან დაგვიანებაზე კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მოფრინავს ევროკავშირის ქვეყნიდან, ნებისმიერი მესამე ქვეყნის მიმართულებით ან პირიქით, მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, მხოლოდ ევროპული ავიახაზით. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,“-ამბობს მიხეილ ჭანტურია.
აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, როგორც ჭანტურია ამბობს, წარმატების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. „დაახლოებით 10 - დან 9 საქმეს ვიგებთ, ამიტომ მგზავრების უმეტესობა ვინც მოგვმართავს, კმაყოფილია მომსახურებით,“- ამბობს ჭანტურია.
კომპანია წარმატებით ემსახურება მგზავრებს პანდემიის პერიოდშიც. ამ პერიოდში ძირითადად, flyhelp-ს გაუქმებული ბილეთების ღირებულების უკან დაბრუნების უზრუნველყოფისთვის მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, ლიდერები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არიან. კანონის მიხედვით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ თანხა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
„ავიაკომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ მგზავრს დაუბრუნონ ბილეთში გადახდილი თანხა ან შესთავაზონ ალტერნატიული ფრენა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით იკვეთება, არის ის, რომ ავიახაზები ცდილობენ, თანხა არ დაუბრუნონ მგზავრს და ისეთ დროს შესთავაზონ ალტერნატიული მარშრუტი, როცა მგზავრს ეს არ აწყობს. ჩვენ გვესმის, რომ განსაკუთრებული ვითარებაა ავიახაზებისთვის და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს მოხდეს მგზავრთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე,“- აცხადებს ვახტანგ ფარცხალაძე.
იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე, (https://flyhelp.ge/) რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.