Johnson & Johnson ამერიკასა და კანადაში ბავშვის ტალკის წარმოებას წყვეტს

Johnson & Johnson ამერიკასა და კანადაში ბავშვის ტალკის წარმოებას აჩერებს. ამის მიზეზად კომპანია მომხმარებლის მხრიდან გაზრდილ საჩივრებს ასახელებს.

"კომპანიამ გადაწყვიტა საბოლოოდ შეწყვიტოს დაახლოებით 100 დასახელების პროდუქტის წარმოება, მათ შორის ბავშვის ტალკის Johnson's Baby-ის. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-სა და კანადის ბაზრებს შეეხებათ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიამ აღნიშნა, რომ Johnson's Baby-ის ტალკზე ჩრდილოეთ ამერიკაში მოთხოვნა მცირდება, რაც განპირობებულია ერთის მხრივ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ტალკის მავნებლობის შესახებ ვრცელდება და მეორეს მხრივ, დაკავშირებულია მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან.

„Johnson & Johnson-ში მტკიცედ ვართ დარწმუნებულები, რომ ბაშვის ტალკი არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. ამას ადასტურებს მთელს მსოფლიოში სამედიცინო ექსპერტების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

Wall Street Journal- ის თანახმად, 2020 წლის მარტში ამერიკის სასამართლოებში Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ სარჩელი 19 400-მა მოსარჩელემ შეიტანა. მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ ამ მწარმოებლის ტალკი იწვევს საკვერცხის კიბოს, ისევე როგორც მეზოთელიომას, კიბოს საკმაოდ იშვიათ სახეობას, რაც ჩვეულებრივ გამოწვეულია აზბესტის ზემოქმედებით.