საავიაციო ძრავების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rolls-Royce, საავიაციო მიმოსვლაზე და შესაბამისად, ძრავებზე მოთხოვნის შემცირების გამო, იძულებულია რამდენიმე ათასი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
კომპანიის განცხადებით, ისინი ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის პირობებში ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას და ამისთვის საჭირო ხდება 52 000 დასაქმებულიდან 9 000 ადამიანი შემცირდეს.
ცნობისათვის, ძირითადად Rolls-Royce ამარაგებს ავიამწარმოებელ კომპანიებს Boeing 787-ის და Airbus A350-ის ძრავებით.
კომპანიის ინფორმაციით, შემცირება შეეხება დასაქმებულთა მხოლოდ 17%-ს: „ეს მოგვცემს ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას. ჩვენ ასევე შევამცირებთ დანახარჯებს ქარხნებში, შევამცირებთ არაპირდაპირ ხარჯებსაც”.
დასაქმებულთა შემცირება ძირითადად შეეხებათ სამოქალაქო აეროკოსმოსური ოპერაციების განყოფილებაში დასაქმებულებს. კომპანიის ინფორმაციით, პერსონალის შემცირება არ იგეგმება თავდაცვის განყოფილებაში.