6 დღის განმავლობაში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა.
როგორც ცნობილია, 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დაიწყო თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა რამდენმა თვითდასაქმებულმა შეავსო განაცხადის ფორმა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 20 მაისის 12:00 საათის მდგომარეობით, რეგისტრაცია 29 547-მა თვითდასაქმებულმა გაიარა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მოიცავს. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. ხოლო იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა. კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს საჭირო ინფორმაცია.
რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია კომპენსაციის მიღების წესისა და რეგისტრაციის შესახებ: https://www.moh.gov.ge/ka/744/