ტესტირების სამიზნე ჯგუფს  ტრაილერების მძღოლები დაემატებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით ტესტირების სამიზნე ჯგუფს დაემატებიან ტრაილერების ის მძღოლები, რომლებიც საქართველოში რჩებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ ჩართვისას განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„სიახლეების მხრივ მინდა მოგახსენოთ ის, რომ ახლა, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები. ამაზე ვმუშაობთ უკვე და ეს ლოჯისტიკური სქემა ლაგდება, მუშაობა დღესაც მიმდინარეობდა შესაბამის სტრუქტურებთან, საბაჟო და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამის სამსახურებთან. საქართველოში არა ტრანზიტით, არამედ ვინც საქართველოში რჩებიან იმ მძღოლების ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება, ასეთი დღეში დაახლოებით 250-დან 300-მდე ადამიანია, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს ეს არის რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.