დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც მან „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რეკომენდაციები სიტუაციის შესაბამისად იცვლება.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ აღდგენის ეტაპები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და იმ კონკრეტულ ვითარებაზე, რაც დროის მოცემული მომენტისთვის იქნება ქვეყანაში. ზედამხედველობა მუდმივად მიმდინარეობს, რეკომენდაციები იცვლება იმ სიტუაციის შესაბამისად, რა ვითარებაც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის მეტროთი გადაადგილება აიკრძალა. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეზღუდვა დღემდე მოქმედებს.