„ჩვენ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, შენარჩუნდება"

„ჩვენი, ყველას მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია და დემოკრატიული არჩევნები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც იქნება შენარჩუნებული.

„ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, როგორ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესძლებლობას, რომ შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად და ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს საკონსტუტუციო პროცესი. ჩვენი, ყველას მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია და დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა გახარიამ.