„ერთბაშად მოხსნა ის შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვირუსი ეფექტურად გვემართა, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი"

ვერ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ. ერთბაშად მოხსნა შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ უქმდება, თუმცა მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და სხვა რეკომენდაციები კვლავ დავიცვათ.

„საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე როგორც „კომენდანტის საათის“ გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში აქტივობას, მოქალაქეების მობილობას გაზრდის, რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში უფრო სწრაფად შემოსავალი დაბრუნდეს, მაგრამ ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად. გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა ის შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ. სწორედ ამიტომ გვჭირდება გარკვეული შეზღუდვები, სწორედ ამიტომ მივმართეთ პარლამენტს და ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოქალაქეებს დაიცვას ის ელემენტარული წესები, რომლებიც საჭიროა ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება და ამით შევუნარჩუნოთ ქვეყანას ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ კონკურენციაში რომელიც შემდგომ თვეებში დაიწყება,“-აღნიშნა პრემიერმა.