ფინანსთა მინისტრი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც ჯამში 1200-ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. მინისტრის თქმით, დამსაქმებლებმა შესაბამის უწყებას საბანკო რეკვიზიტები 1-ელ ივნისამდე უნდა მიაწოდონ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ",-აღნიშნა მინისტრმა.