საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება, რომელსაც დაბის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს განსაკუთრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე ბუნებრივ პირობებსაც.
„გომისმთის განვითარებით საქართველოს კიდევ ერთი უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული კურორტი შეემატება. გომისმთა სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს შორის. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა. გომისმთისათვის დაბის სტატუსის მინიჭება და კურორტის გენგეგმის შესაბამისად განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.