სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს, დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა ბიზნესოპერატორს, რომელიც მათი განმარტებით, ავტოფარეხში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა ბიზნესოპერატორი, რომელიც ავტოფარეხში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები - ინდმეწარმე „ზაურ გრიგალაშვილი“ (ფაქტობრივი მისამართი: თევდორე მღვდლის ქ.10) დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.