ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ამერიკული ინვესტიციით 12 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, „ბახვი1“ აშენდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“ პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციით განხორციელდება.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი, ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. პროექტის ინიციატორი გახლავთ აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“. უფრო სწორად, მისი აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს. ეს იქნება ამ კომპანიის მე-5 პროექტი ენერგეტიკის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას და ინვესტორებს აქვთ სურვილი გააფართოვონ თავისი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორებისთვის და მათ შორის ამერიკელებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პეროდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.