ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმი მაისის ბოლოდან ამოქმედდება და პროგრამაში, კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
„მომზადებული გვაქვს განკარგულებაში ცვლილება, ალბათ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ და საბოლოო წესებს დავამტკიცებთ. ამასობაში, ახალი ანტიკრიზისული ბიუჯეტი და შესაბამისი ცვლილებები შევა პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დამტკიცდება. უკვე მაისის ბოლოდან ამ ბიუჯეტის დამტკიცების კვალობაზე შევძლებთ პროგრამის ამოქმედებას. თუმცა არ ველოდებით და კონკრეტულ ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე ჩავრთეთ, რომ არ დაზარალდნენ და დაიჩაგრონ მათი კლიენტები ხელშეკრულებებს ვდებთ“, - აღნიშნა თურანვამ.
ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა გასულ წელს შეიქმნა და საბანკო სესხების აღების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის თავდებობას გულისხმობს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მის ფარგლებში, 2 მილიარდი ლარის სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი.