„არაფერი იქნება უცნაური იმაში, თუკი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს, რადან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც  უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა"

არაფერი იქნება განსაკუთრებული და უცნაური იმაში, თუკი ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა და ამიტომ დიდი ინტერესებით ისმენენ ხოლმე ჩვენს გამოცდილებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ქვეყანაში ტურისტების მიღებასთან დაკავშირებულ წესებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ტურიზმის მხრივ დაწესებული წესები არ არის აცდენილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხედვას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან. ზურაბ პოლოლიკაშვილთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. ვადევნებთ თვალყურს, თუ რაზე მუშაობენ და საითკენ მიდის მსჯელობა. ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ დღეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბევრი ქვეყანა გლობალური წესების დამტკიცებას არ ელოდება და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება, იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები, თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა და ყოველთვის კარგი ინტერაქცია გვაქვს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან. გეტყვით იმასაც, რომ არც არაფერი იქნება ამაში განსაკუთრებული და უცნაური, თუკი ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა და ამიტომ დიდი ინტერესებით ისმენენ ხოლმე ჩვენს გამოცდილებას და მზად არიან, რომ გაიზიარონ, ქართული წესები იქნება ბევრისთვის მისაღები“, - განაცხადა თურნავამ.