საქართველოში ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან ქვეყნიდან გასვლას და დასვენებას, საქართველო კი განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი.
„აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში. რასაც ვხედავთ, უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან და უნდათ, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ, საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ეს ჩვენი უპირატესობაა იმიტომ, რომ დღეს ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას არა მხოლოდ საინტერესო გარემოს, არამედ იმას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს მედიკოსებთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.