„ჩვენ გვჭირდება უმუშევრად დარჩენილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და არა გამდიდრებული კომპანიებისთვის დამატებითი შემოსავლების გაცემა"

ჩვენ გვჭირდება უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და არა გამდიდრებული კომპანიებისთვის კიდევ დამატებითი შემოსავლების გაცემა ამ ეტაპზე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საშემოსავლო გადასახადისგან კომპანიების გათავისუფლება ეფექტური არ იქნება.

„არასწორად ვამბობთ და ვიყოთ გულწრფელები - საშემოსავლო გადასახადი არის დასაქმებულის გადასახადი, ეს არის მისი ფული. საკითხი დგება ასე - თუ ჩვენ სამუშაო ადგილების შენარჩუნების სტიმულირება გვინდა, ეს მასთან არანაირი კავშირში არ არის და ნუ ვიტყუებით. თუ კომპანია საშემოსავლო გადასახადს თვითონ დაიტოვებს, ან კანონი უნდა დაარღვიოს, ან ხელშეკრულება თავიდან უნდა გაუფორმოს დასაქმებულს, ხელფასი დაუკლოს მას ისევ 600 ლარი მისცეს და დამატებითი საშემოსავლოს 150 ლარი დაიტოვოს, რაც თავისთავად არ იქნება სწორი. აქ ისევ ჩიხში შევდივართ - ახალი დაკლებული ხელფასიდან გამომდინარე, მას ახალი ტიპის საშემოსავლო გადასახადის გადახდა ახლა უკვე 600 ლარიდან მოუწევს, ამიტომ არ არის სწორი და აბსოლუტურად არ არის ეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებული. მით უმეტეს, არის დღეს საქართველოში სექტორები, რომელსაც არათუ შეუმცირდა, არამედ გაეზარდა შემოსავალი, მათ შორის არის საცალო ვაჭრობის ობიექტები, შესაბამისად, მათთვის ასეთი შეღავათები არ არის სასურველი. ჩვენ გვჭირდება უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და არა გამდირებული კომპანიებისთვის კიდევ დამატებითი შემოსვლების გაცემა ამ ეტაპზე. მითუმეტეს, არის სექტორები, რომლებსაც კატასტროფულად სჭირდება დახმარება და მას რაც არ უნდა საშემოსავლოს შეღავათი გაუკეთოთ, თუ მას არ ეყოლება მომხმარებელი, ეს შეღავათს ვერ მისცემს. არ არის ეს ეფექტური და გავიაზროთ, ნუ ვატყუებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.