საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება

საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება. პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, კომერციული ატაშის შესაბამის ფუნქციას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხემძღვანელი ან მინიმუმ, მისი მოადგილე შეასრულებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები ბევრად ეფექტური იქნება.

მისივე განმარტებით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილების მიზეზია ისიც, რომ ატაშე ყველაზე დაბალი დიპლომატიური თანამდებობაა და მას უფრო მაღალი თანამდებობის პირი ჩაანაცვლებს.

„მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში 2016 წლის ივნისში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შემოვიდა ე.წ. კომერციული ატაშეს ინსტიტუტი, რომელიც უნდა დანიშნულიყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით და რომლის ძირითადი მიზანი იყო, რომ მას უცხოეთში წარმოედგინა სახელმწიფო, ყოფილიყო აკრედიტებული, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განმახორციელებელი პირი, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის, სხვადასხვა ქვეყანასთან კომუნიკაციის და ასევე, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომერციული ატაშეს ინსტიტუტი ჩაანაცვლოს უფრო მაღალი თანამდებობის პირმა, როგორიცაა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იქნება ეს ელჩის ან მისი მოადგილის, დესპანის დონეზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან. მოგეხსენებათ, ატაშეს თანამდებობა ყველაზე დაბალი დიპლომატიური თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ამ მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წარმომადგენლობითი ფუნქცია ჰქონდეს ადგილზე წარმომადგენლობაში მომუშავე პირს. ამიტომ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ კანონში ეს ჩანაწერი, რომელიც 2016 წელს იყო ინიცირებული, შეიცვალოს და შესაძლებლობა მიეცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებს დააკისროს ამ ფუნქციების შესრულება, რაც ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.