ჩვენ მხარს ვუჭერთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელსაც დაჩქარებული წესით ვიხილავთ და ნამდვილად დაჩქარებული წესით განხილვა სჭირდება ამ კაონონპროექტს, რათა ბიუჯეტი მოვამზადოთ დროულად პარლამენტში შემოსატანად, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დროულად მიიღონ ის დახმარებები, რასაც მთავრობა მათთვის ითვალისწინებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან 750 ლარის ნაწილში. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც გასცემენ იჯარას და ლიზინგს, დღგ-ს გადაიხდიან მაშინ, როდესაც მიიღებენ კომპენსაციას, რაც მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ სექტორისთვის.
„სამასპინძლო სექტორისთვის დიდი ნაბიჯია გადადგმული ტურიზმის და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების გათავისუფლებით ქონების გადასახადებისგან. 250 მლნ ლარი სჭირდება პირველ ნაწილს - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ხოლო 40 მლნ ლარი - სამასპინძლო სექტორს. თითქმის 300 მლნ ლარი დააკლდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ჩვენ მივყვებით ანტიკრიზისულ პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მეორე პროექტია საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილება ინდექსაციასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება დამატებით 230 მლნ ლარი, რაც მოსაძიებელია. ეს ცვლილებაც იქნება 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამ პროექტის განხილვაც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ნაბიჯები არის თანმიმდევრულად გადადგმული, რათა ეს პროექტები იყოს განხილული.
„იმისათვის, რომ ბიუჯეტის კარგი პროექტი იქნას წარმოდგენილი, საჭოროა ეს ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ დღეს. არსებულ პირობებში, როდესაც ეკონომიკური გაურკვევლობებია ყველგან. არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს ქვეყნები არიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ყოველ დღეს შემოაქვს განსაკუთრებული სინათლე არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობაში. ბიუჯეტის მომზადება არ არის მარტივი პროცესი არსებულ სიტუაციაში იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი თავიდანაა მოსამზადებელი. საქართველოს ეკონომიკა იქნება რეცესიაში და ეს იქნება მინიმუმ 4 %. ასევე იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტი. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროექტზე მომუშავე თანამშრომლები საჭიროებენ გარკვეულ დროს, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეთ. ყოველი ახალი დღე მნიშვნელოვანია ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი ინფორმაციით, 3 მლრდ 900 მლნ ლარი არის საჭირო იმისათვის, რომ ანტიკრიზისული პროგრამა სრულად დაფინანსდეს.