„ხვალიდან აღარ იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში Covid-19-ის გამკლავების პროცესი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას დაწესებული შეზღუდვების მაქსიმალური დაცვისთვის. მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დარჩება ძალაში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„საზოგადოებას მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ მათ შეძლეს თვეების განმავლობაში მაქსიმალურად დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. იყო ცალკეული გამონაკლისები, თუმცა საერთო ჯამში, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია. მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვადაპტირდეთ ამ რეალობაში. არის შეზღუდვები ისეთი, როგორიცაა სოციალური დისტანცია, არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი, რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.