„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ნუ გავატანთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც არანაირი კრიზისი არ შეხებია"

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ნუ გავატანთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც არანაირი კრიზისი არ შეხებია, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, არის კომპანიები, რომელთაც პანდემიის პირობებში კრიზისი არ შეხებია და ზარალი არ ჰქონიათ, შესაბამისად, სახელმწიფო ასეთ კომპანიებს არ უნდა დაეხმაროს და ის რესურსი, რაც მათი დახმარებისთვის უნდა გამოიყოს, იმ კომპანიებს გადაუნაწილონ, რომელთაც კრიზისი რეალურად შეეხოთ.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ნუ გავატანთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც არანაირი კრიზისი არ შეხებია. ხომ ვიცით რა დარგებია ეს ? ონლაინ კაზინოებს კრიზისი მიადგა ? - არ მიადგა, თქვენ თვითონაც იცით, რომ 30%-მდეა მოხმარება გაზრდილი. საკომუნიკაციო კომპანიებმა კრიზისი ნახეს? - არ უნახავთ იმიტომ, რომ მოხმარება იყო გაზრდილი. სააფთიაქო ქსელებს ჰქონდათ კრიზისი ? - ვფიქრობ, შეიძლება არ ჰქონოდათ. რათა დავრწმუნდეთ, რომ არ ჰქონდათ, მათ თავიანთი მონაცემები გამოაქვეყნონ. გარკვეულ იმპორტირებულ პროდუქტებზე, რომლებზეც ისედაც სუბსიდირება გავწიეთ ჰქონდათ კრიზისი ? - არ ჰქონიათ. დიდ პურის საცხობებს ჰქონდათ კრიზისი ? - თუ ჰქონდათ დავეხმაროთ, თუ არადა ეს ადამიანებიც გავხადოთ სოლიდარულები იმიტომ, რომ ყველა რაღაცას ითხოვს ამ ქვეყნისგან და თვითონ არაფერს არ გასცემს. იმ ნაწილში გეთანხმებით, რომ კომპანიებს, რომელთაც ჰქონდათ ზარალი, კი ბატონო, მხარს უჭერთ, მაგრამ არის კომპანიები, რომლებსაც არანაირ ზარალი არ უნახავთ. რაც ამ ადამიანებისგან ვიცით, სულ რაღაცა მიაქვთ ამ ქვეყნისგან, სულ რაღაცას ჯიჯგნიან, სულ რაღაცას აცლიან, სულ რაღაცას ცმუცნიან. ისე გავაკეთოთ, რომ ისინიც იმ სოლიდარული აქტის ნაწილიც გავხადოთ და ის რესურსი, რაც მათ უნდა წაიღონ, რომელიც არ სჭირდებათ, გადავუნაწილოთ იმ კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ. ამას გთხოვთ, რომ გადაწყვეტილებები ანალიტიკურ საფუძველზე მიიღოთ და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას სურს, რომ ეს კრიზისი საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციოს და თქვან, რომ ისინი აძლევენ ფულს მოსახლეობას, მაგრამ სინამდვილეში სოლიდარობის აქტს თითოეული საქართველოს მოქალაქე ახორციელებს.

„ისედაც ვიცით, რომ გინდათ ეს პროცესი აქციოთ საარჩევნო კამპანიის ნაწილად და თქვათ, რომ თქვენ აძლევთ ამ ფულს, მაგრამ თქვენ არ აძლევთ ამ ფულს ამ ხალხს. თითოეული ჩვენი მოქალაქე ურთიერთსოლიდარობის აქტს ახორციელებს იმიტომ, რომ ვინც ბიუჯეტში იხდის თანხას და ვინც ამ ქვეყანას ეხმარება იმის გამო, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, ჩვენ გამო კი არ აკეთებს ამას, ამას აკეთებს ჩვენი ერის და ჩვენი მოქალაქეების გულისთვის. ამას ჰქვია საერთო სახალხო სოლიდარობა და არა მაგარი სიკეთე თქვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არ არის თქვენი სიკეთე, ეს არის საერთო სახალხო სიკეთე. ამ სიკეთესაც მარილი მოაყარეთ და ნუ აქცევთ ამას შესაძლო გარიგებების და ვიღაცების მხრიდან ხელოვნურად ხელის მოთბობის საშუალებად“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.