უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 1-ლი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
„1-ლი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, - წერს ვლადისლავ კრიკლი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გამართა. შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.