ყველა დეტალი სესხების კიდევ 3 თვით  გადავადების შესახებ - როდიდან დაიწყებენ ბანკები შეთავაზებას

მოქალაქეთა ნაწილს სასესხო შეღავათი კიდევ 3 თვით გაუგრძელდება.

„ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეხმარება, შემდეგი 3 თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მათაც 3 თვით გადაუვადდება სესხის გადახდის ვალდებულება და ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბანკების ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - თუ ვის და როდიდან შეეძლება ამ შეღავათით სარგებლობა.

„საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ხელისუფლებასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურად არის ჩართული საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვაში იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართ, რაც წარმოიშვა COVID-19-ის პანდემიის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მინიმალური დანაკარგებით გადალახა პანდემიის გავრცელების პიკური პერიოდი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ან უკვე განაახლეს მუშაობა ან ემზადებიან საქმიანობის გაგრძელებისათვის, მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვებიც, საქართველოს საბანკო სექტორი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის თანამშრომლობას:

ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან. ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.

ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ მომსახურე ბანკს.

ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავთო პერიოდი მარტში შესთავაზეს. გახარიაც ცნობით, ამ პერიოდში საბანკო სასხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა.

თაია არდოტელი
უნაღდო ანგარიშსწორება, შეზღუდული სათამაშო არეალი ბავშვებისთვის - რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სასტუმროებს საქართველოში
10 მსხვილი კომპანია, რომელიც კორონავირუსის გამო გაკოტრდა
რამდენმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია