კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნამ ევროზონის ეკონომიკის ვარდნა მცირედით შეანელა. შესაბამისად, მაისში ევროზონის ბიზნეს აქტივობის თავისუფალი ინდექსი (PMI) 30.5 პუნქტამდე გაიზარდა. აპრილში ეს მაჩვენებელი 13,6 პუნქტს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისათვის, 50 ქულით ქვემოთ მოცემული ინდექსი ასახავს საქმიანობის შემცირებას, ზემოთ - საქმიანობის ზრდას.
მიუხედავად ამისა, IHS Markit-ის ექსპერტი კრის იულიამსონი თვლის, რომ „ევროზონის მშპ მეორე კვარტალში კვლავ მნიშვნელოვნად დაეცემა.
„მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება, გარკვეული ამკრძალავი ზომები იმ დრომდე, ვიდრე ვირუსის ეფექტური სამკურნალო საშუალება ან ვაქცინა არ გამოჩნდება, ისევ დარჩება. ეს კი ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზე, ქვეყნების ეკომიკაზე. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს 9% -ით დაეცემა და მის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება”, - განაცხადა Reuters-თან საუბრისას იულიამსონმა.