„ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ საბანკო სესხები 3 თვით ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს გადაუვადდეს

„ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ საბანკო სესხები კიდევ სამი თვით არამარტო მათ გადაუვადდეს, ვინც სამსახური დაკარგა, არამედ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება თვითდასაქმებულებს კიდევ ერთხელ აქცევს ზურგს.

„ბატონმა გახარიამ თქვა, რომ საბანკო სესხებს მე სამი თვით გადავუვადებ ორ კატეგორია მოსახლეობისას მხოლოდო. ვისაც უკვე ვეხმარებით ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ვინც სამსახური დაკარგაო. ძალიან დიდი ტყუილი, ხალხო. არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში 1 თეთრის დახმარება არ მიუღია და მეტიც, მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი, ვინც არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა არავის. ვინც სამსახური დაკარგა, მას გადავუვადებთ სამი თვითო, ეს რას ნიშნავს - კვლავ არის ზურგშექცეული თვითდასაქმებულები, რომლებიც შეადგენს 600 000.

საქართველოს 600 000 მოქალაქეს, რომელიც თვითდასაქმებულია და არ ეხმარებით, დაკარგული აქვს სამსახური, მათ ეუბნებით, რომ საბანკო კრედიტებს არ გადაუვადებთ? ან რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ჰქონია შემოსავალი, ბატონო გახარიავ? არ ჰქონიათ ბოლო რამდენიმე წელია და თავს ირჩენენ საზღვარგარეთიდან ნათესავების გამოგზავნილი ფულით, რომელსაც ვეღარ უგზავნიან, შესაბამისად ამ ხელს ჩვენ ვეუბნებით, რომ არც კი გელაპარაკებით, ან როდესაც ამბობთ, ვინც სამსახური დაკარგა, იმათ გადავუვადებთ მარტოო, გუშინწინ რომ დაიწყო სილამაზის სალონში თანამშრომელმა მუშაობა, 4 თვის შემდეგ, მან უნდა გადაიხადოს ივნისის თვიდან კრედიტი? საიდან უნდა გადაიხადოს? ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი - უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე, მათ შორის იმ მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ სამი თვის განმავლობაში ვალის არგადახდა, რომლებმაც აიღეს ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდანაც”, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავალი შეუმცირდათ, საბანკო სესხი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.