„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საბნკო კრედიტებზე შეღავათების დაწესებას მხლოდ ორი კატეგორიის ადმიანებისთვის გულისხმობს, სრულიად გაუგებარი და არასამართლიანია.
„რამდენიმე დღის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხალხის სახელით, კატეგორიულად მოითხოვა საბანკო კრედიტებზე მორატორიუმის კიდევ 3 თვით გახანგრძლივება. დღეს გამოჩნდა პრემიერი გახარია და სრულიად გაუგებრად ისაუბრა. ეს მისი სტილია, მისი ტაქტიკაა, რომ რაღაცას დაპირდეს ხალხს და მერე კვირები გავიდეს იმის დადგენაში, თუ რა თქვა.
გახარიამ აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტების გადავადება 3 თვით გახანგრძლივდება მხოლოდ 2 კატეგორიის პირებისთვის - ვისაც თითქოს, უკვე ეხმარებიან და ვინც სამსახური დაკარგა. ესაა ტყუილი, როცა პრემიერი ამბობს, ვისაც უკვე ვეხმარებითო. არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში დახმარება არ მიუღია. ხოლო, როცა ამბობს, ვინც სამსახური დაკარგაო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ 600 000 თვითდასაქმებულ მოქალაქეს, მთავრობამ კვლავაც ზურგი აქცია. ან რას ეუბნებით ადამიანებს, რომელთაც არასდროს უმუშავიათ, მაგრამ ახლობლების, ოჯახის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობდნენ?! ახლა კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, ეს გზავნილებიც ვერ ხორციელდება.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი სექტემბრამდე დაუწესდეს ყველა (მსურველს) ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს“, - განაცხადა მელიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.