ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის. სამთვიანი გადავადებით უკვე ისარგებლა და დღემდე განაგრძობს სარგებლობას ფაქტობრივად ყველა მსესხებელი, ვისაც ამის სურვილი გააჩნდა, ეს იყო პირველი ეტაპი და მაშინ მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბანკები შეთანხმდნენ ამ პოლიტიკაზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც საბანკო სექტორტან ერთად იქნა მიღებული უპრეცედენტოა.
„ჩვენმა ეფექტურმა მუშაობამ, მათ შორის საბანკო სექტორთან და რეგულატორთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის გადავადების არც ერთი ქვეყნის პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ეს არის უპრეცედენტო აქტი. როდესაც ეს ვადა მიუახლოვდა ამოწურვას, ჩვენ განვაახლეთ დიალოგი საბანკო სექტორთან, რეგულატორთან ერთად და მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა საბანკო სექტორის მხრიდან, კორპორატიულ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, იმიტომ რომ ეს გადავადების პროცესი საკმაოდ მძიმეა ასევე საბანკო სექტორისთვისაც“ , - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო, ან მისი შემოსავალი გაუარესდა, გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება, ეს შეეხება მათაც, ვინც სახელმწიფოსგან იღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას.
„აქ საუბარია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა იმდენად, რომ ის ვეღარ ახდენს საბანკო სესხის მომსახურებას, ამ ადამიანებისთვის გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება ბანკების მხრიდან და არის კიდევ მეორე კატეგორია - ადამიანები, რომლებსაც ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით და აძლევს სხვადასხვა სახის კომპენსაციას, ამ ადამიანებსაც, თუ აქვთ მათ სესხი, აქვთ საშუალება, რომ ავტომატურად ისარგებლონ მსგავსი შეთავაზებით ბანკებისგან“, - აღნიშნა ბექა ლილუაშილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.