კორონავირუსის გამოჩენამ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა.
მშვიდი რუტინული პროცესი გარკვეულმა მღელვარებამ და დაჩქარებულმა ტემპმა მოიცვა, მაქსიმალურად გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ხალხში დანერგილმა პანიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა კვების პროდუქტებზე, ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ კვების პროდუქტების საწარმოებს უჩვეულო რეჟიმში მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. მეორე მხრივ, საკვები პროდუქტების საწარმოების გარდა, შეჩერდა თითქმის ყველაფრის წარმოება, მათ შორის, ტექნიკის, ავტომობილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის.
შეჩერებულ საწარმოებს შორის იყვნენ ისეთი გინგანტებიც, როგორიცაა: „ფიატი“ – წარმოება შეაჩერა 18 მარტს და მათ გახსნის გადაწევა რამდენჯერმე მოუწიათ, „ფორდ მოტორი“, რომელმაც წარმოება ასევე 18 მარტს შეაჩერა და მექსიკასა და აშშ-ს საწარმოების გახსნა აპრილშიც ვერ მოახერხა. ამავე პერიოდში წარმოება შეაჩერა „ჯენერალ მოტორსმა“.
ასე ერთმანეთის მიყოლებით დაიკეტა ტექნიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის საწარმოები. საკვები პროდუქტების წარმოება ერთადერთი მიმართულება იყო, რომელიც უბრალოდ ვერ შეჩერდებოდა და მათ განსაკუთრებით რთულ პირობებში მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დაწესდა ყველგან და წარმოებაც და მიწოდებაც განსაკუთრებულ სტანდარტებს დაემორჩილა.
საკვები პროდუქტების მწარმოებელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „ნესტლეში“ აცხადებენ, რომ მათ კოვიდ19–ის კრიზისის პერიოდში განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სწორედ ჯანსაღი კვება ეხმარება ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში და ამიტომ საწარმო გაძლიერებული ტემპით და უსაფრთხოების გაძლიერებული წესებით მუშაობს კრიზისის პერიოდში.
ამისთვის „ნესტლეს“ საწარმოში: ადმინისატრაციული დეპარტამენტი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, გამკაცრდა თანამშრომლების ჯანმრთელობის კონტროლი, საწარმოში შესულ თითოეულ ადამიანს უმოწმებდნენ ტემპერატურას, მცირე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი თანამშრომლებს 2 კვირიან ანაზღაურებად კარანტინში უშვებდნენ.
როგორც უკვე ითქვა, საკვები პროდუქტების საწარმოები არ შეჩერებულა, რომ მოსახლეობა საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე არ დამდგარიყო. თუმცა იყვნენ ისეთი კომპანიებიც, ვინც ახალ სტანდარტებზე მორგება და უსაფრთხოების დაცვა ვერ მოახერხეს. ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ–ში ხორცის ინდუსტრიამ ვერ შეძლო თავისი თანამშრომლების კორონავირუსისგან დაცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინდუსტრია ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა. აპრილის ბოლოს აშშ-ში მეხორცეობისა და მეფირნველეობის 115 საწარმოში იყო დაფიქსირებული კორონავირუსი. 5 000 თანამშრომელს დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები და 20 მათგანი გარდაიცვალა. საწყის ეტაპზე 18 საწარმო დაიხურა. მათ შორის იყო ამერიკის ყველაზე დიდი ხორცის გადამამუშავებელი კომპანიის Tyson Foods Inc.–ის რამდენიმე ადგილობრივი საწარმო.
ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები რთულ დღეში აღმოჩნდნენ ევროპაშიც. ბევრ საწარმოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები.
მსოფლიო მედიის ცნობით, ამ დრომდე ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევა ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების ოპერირებისა დაფიქსირდა კანადაში. Thunder Creek Pork აღმოჩნდა იმ საწარმოებს შორის, რომელმაც ვირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. საწარმოს მენეჯმენტმა თანამშრომლებისა და პროდუქციის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. როგორც საწარმოში განმარტავენ, მათი წარმატების მიზეზი ისაა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საკვების უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოსთან. საწარმოს ყველა თანამშრომელს შესვლის წინ ტემპერატურას უმოწმებდნენ, დისტანციის დასაცავად კი თანამშრომლებს შორის ფიზიკური ბარიერები აღმართეს. ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავმოყრა რომ აერიდებინათ თავიდან, საწარმოში შეიქმნა დამატებითი დასასვენებელი და გამოსაცვლელი ოთახები.
ამ დრომდე საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კოვიდ19–თან ბრძოლას წარმატებით ართმევს თავს. და რა ვითარებაა ქართული ბრენდების საწარმოებში უცხოური მაგალითების პარალელურად?
იმის ფონზე რომ მსოფლიოში არაერთმა ხორცპროდუქტების საწარმომ ვერ მოახერხა საქმიანობის გაგრძელება, „ნიკორა“ ამ საქმეში მეტად წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყოველდღიური სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად შეიცვალა და უსაფრთხოების სტანდარტებს მოერგო. შემუშავდა შესაბამისი გეგმა, რომლის თანახმადაც „ ნიკორა ჰოლდინგში“ არსებული ექვსივე საწარმო აგრძელებს მუშაობას თანამშრომლების უსაფრთხოეობის ზომების მაქსიმალური დაცვით და სპეციალური განსაზღვრული გრაფიკებით.
საწარმოს თანამშრომლები გაიყო ორ გუნდად, ისინი მუშაობენ ცვლებში, ისე რომ ერთმანეთს არ დაემთხვნენ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ცვლებს შორის საწარმოში ტარდება სრული დეზინფექცია. საწარმოს შესასვლელთან, ყოველ ჯერზე, დენზობარიერებთან, თანამშრომლები გადიან სადენზიფექციო პროცედურას და ეკიპირებულები არიან ყველა საჭირო დამცავი საშუალებით. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე, შესვლამდე, თანამშრომლები გადიან ტემპერატურულ კონტროლს. ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილზევე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თანამშრომელი გადამისამართდება ისე, რომ წარმოების ტერიტორაზე შესვლა არ უწევს. პირველ ეტაპზე, სანამ ბოლომდე შეიზღუდებოდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება, საწარმო თანამშრომელთა ნაწილობრივ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. საგანგებო ვითარების გამკაცრების შემდეგ, 1 აპრილიდან, „ნიკორას“ ჰოლდინგში არსებული წარმოებების თანამშრომლების ტრანსპორტირება სრულად ხორციელდება. კომპანია უზრუნველყოფს, როგორც საწარმოში დასაქმებულთა საცხოვრებელი მისამართებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას, ისე პირიქით.
„ვირუსის გავრცელებისა და სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებისთანავე აუცილებელი გახდა სამუშაო პროცესების კრიზისულ ვითარებაზე მორგება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე და ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება, როგორც წარმოებისა და სავაჭო ქსელის გამართული მუშაობა, მომარაგების უწყვეტი ჯაჭვი, ასევე – ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვა და ახალ რეჟიმზე გადასვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ დაგვეცვა როგორც თანამშრომლებისა და პროდუქციის უსაფრთხოება, ისე ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები არ გაგვიზრდია“– აცხადებენ „ნიკორაში“.
ასეთია რეალობა, რომელში საქმიანობაც დღეს საწარმოებს უწევთ მსოფლიო მასშტაბით. პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველა მათგანს შეექმნა, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო საკვები პროდუქების დეფიციტის წინაშე არ დგას, რაც დიდწილად სწორედ წარმოებების დამსახურებაა.