სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
მათგან 19.5 პროცენტი - ქვემო ქართლში, 16.1 პროცენტი - კახეთში, 12.6 პროცენტი - შიდა ქართლში, 12.6 პროცენტი - იმერეთში, 12.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.6 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 68.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.3 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.7 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 686.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში 8 596.8 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.5 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 48.2 პროცენტი - ფრინველის, 20.4 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
მომსახურება გაეწია 8.2 ათას პირს, საიდანაც 34.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 790 კაცი შეადგინა,“-აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 25.5 ლარი, ცხვრის ან თხის - 9.9 ლარი, ხოლო ღორის - 23.1 ლარი.