ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენაზე ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მინისტრის განმარტებით, დღესდღეობით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,36 ნიშნულზეა, რაც არ იძლევა გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას. ამასთანავე, ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეული წესების დადგენაზე.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს, პირველ რიგში, შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორც კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებით, ჩვენ მივიღეთ ერთი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას. ეს გულისხმობს, რომ საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებით ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით და ასევე, ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.