მოვა აქ ბატონი პრემიერ - მინისტრი და იმ სურათს, იმ სიღატაკეს, რაშიც ქვეყანა ამ კარანტინის პერიოდში ჩააგდო, ხატოვნად ვაჩვენებთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
მისი თქმით, ხელისუფლება მუდმივად უკან იხევს და თავის მართლების რეჟიმშია, რაც მათ შეცდომებზე მიუთითებს.
„რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს, ყოველ წუთს იხევენ უკან. განაცხადებენ ხოლმე რიხით, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები და არიან პოლიტხულიგნები და მეორე დღეს უწევთ იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები იყვნენ თურმე ჰუმანური მოსაზრებით და არა ხალხისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით. გუშინ მთელ დღეს ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ კანონპროექტში არავითარი ცვლილება არ შევა, რადგან არის საუკეთესო, დღეს კი აბსოლუტურად სხვა რამეს ვიღებთ. ხელისუფლება მუდმივად არის თავისმართლების რეჟიმში. თავს იმართლებს ის, ვინც შეცდომებს უშვებს. მოვა ბატონი პრემიერ-მინისტრი აქ და ხატოვნად ვაჩვენებთ იმ სურათს, იმ სიღატაკეს, რაშიც ქვეყანა ამ კარანტინის პერიოდში ჩააგდო. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ კარანტინში საკუთარ ხალხს არ გაუწია არცერთი თეთრი დახმარება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ პოლიტიკური მასკარადის სახით ახალი ფრონტი გახსნა.