„ეპიდემიოლოგიური ვითარების ნებისმიერი გართულება, დაგვაყენებს საფრთხის წინაშე, რომ კვლავ გავამკაცროთ შეზღუდვები, რაც ძალიან არ გვინდა, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად"

ფაქტი, რომ ეფექტური მართვის წყალობით საგანგებო ვითარებას ვაუქმებთ, არ ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირიქით ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენთაგანს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში საბჭო იმუშავებს სხვა შეზღუდვების გადახედვაზეც.

„მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ გააგრძელონ ან განაახლონ თავისი საქმიანობა. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის მეშვეობით, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ და იმ პრობლემების გადალახვაში ვეხმარებით, რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობას და სხვადასხვა კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ეფექტური მართვის წყალობით, ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირიქით ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენთაგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობას იმიტომ, რომ ნებისმიერი გართულება ეპიდემიოლოგიური ვითარების, ისევ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ მოვახდინოთ გარკვეული გამკაცრება, რაც ძალიან არ გვინდა იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ ეტაპობრივად ეკონონომიკის ამოქოქვა და დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა, შიდა ტურიზმის გახსნა და არ ვინდა, რომ დაგვჭირდეს რაიმე შემზღუდავი ზომების კვლავ დაბრუნება, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველა მაქსიმალურად ფრთხილად და დავიცვათ ის პროტოკოლი, რაც უკვე არის გასაჯაროვებული“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება ტურისტული ინდუსტრიისთვის განკუთვნილი პროტოკოლი.

„სულ მალე, რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავასაჯაროვებთ პროტოკოლებს და გაიდლაინებს ტურისტული ინდუსტრიისთვის. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ტურისტულ მოთხოვნებზე, თუ როგორ იმოქმედებს სასტუმროები, როგორ გაიხსნება რესტორნები, კაფეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წესები იმისთვის, რომ ჩვენ აღვუდგეთ ეპიდემიის გავრცელებას და მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ იმიტომ, რომ სწორედ ამ გაიდლაინებზე დაყრდნობით ისინი დარწმუნდებიან, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ინსპექტირების ნაწილს, მინისტრის თქმით, შემოწმება რეგულარულად მოხდება.

„ინსპექტირების ნაწილი რეგულარულ რეჟიმში გადადის. ჩვენ ეს ბერკეტები კანონით გვაქვს მონიჭებული. ამ თვალსაზრისით, წამყვანი როლი ჯანდაცვის სამინისტროს შრომით ინსპექციას ეკისრება და განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და ჩვენ ძალიან სკურპულოზურად მოვახდენთ მათ ინსპექტირებას იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სახე, ჩვენი განათლებული ტურისტული უსაფრთხო ქვეყნის სახე და ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.