„თუ რამე დეტალი აინტერესებს ვინმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ დამატებითი დეტალები მივაწოდოთ ანაკლიის პორტის პროექტზე"

თუ რამე დეტალი აინტერესებს ვინმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ დამატებითი დეტალები მივაწოდოთ ანაკლიის პორტის პროექტზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა იზიარებს კინზინგერის შეფასებას, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია.

„ვიზიარებთ ამ შეფასებას, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, მეტიც, ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, სწორედ ამ პროექტის სტრატეგიულობით აიხსნება ის მხარდამჭერი მიდგომა, რასაც ხელისუფლება აქამდეც იჩენდა ამ პროექტის მიმართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გაგრძელდეს. ამაზე მქონდა საუბარი, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, მივუბრუნდებით ტენდერის ორგანიზების პროცესს.

ჩვენ მზად ვართ, თუკი რამე გაურკვევლობის შეგრძნება დარჩა, მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია. მაგრამ ვფიქრობ, არაფერია აქ გაურკვეველი, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ კონტრიბუციას ვთავაზობთ პოტენციურ ინვესტორებს ამ პროექტში და ყოფილ ინვესტორებსაც ვთავაზობდით. ეს არაერთხელ გვითქვამს. ეს იყო მიწის გადაცემა, ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აშენების ჩვენ თავზე აღება, იურიდიული მხარდაჭერა, ჩვენი ლიბერალური მიდგომა ვადების მიმართ და ა.შ.

ჩვენ ახლაც კვლავ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ კონსულტაცია გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა, გამჭვირვალედ ორგანიზებაში. თუ რამე დეტალი აინტერესებს ვინმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ძალიან გახსნილები ვართ და მზად ვართ დამატებითი დეტალები მივაწოდოთ ამ პროცესზე“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, კონსორციუმთან ამ პროექტის გაგრძლების პოტენციალს მთავრობა ვერ ხედავს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროექტის კონსორციუმთან გაგრძელების პოტენციალს. ეს პროექტი კონსორციუმთან ერთად აქამდე უნდა ყოფილიყო განხორციელებული, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ძალიან ლიბერალური მიდგომისა და მხარდაჭერისა, ძალიან დაგვიანდა პროექტის განხორციელება. ამიტომ, ამ კონსორციუმის მონაწილეობის რესურსს პროექტში ვერ ვხედავთ. პირიქით, იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით წავიდეს წინ, ჩვენ მანდ უნდა ვეძებოთ ახალი საინვესტიციო პოტენციალი, ახალი კონფიგურაცია, ახალი ინვესტორები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, დაინტერესდებიან ამ პროექტით“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პორტის პროექტში.