საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სამშობლოში 12 477 მოქალაქე დაბრუნდა, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშნველოვანია.
მინისტრის შეფასებით, უწყებამ აღიშნულ საკითხს თავი წარმატებით გაართვა.
„მსოფლიო მასშტაბით პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ განგვისაზღვრა, გახლდათ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება. ორივე ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა შესაბამის უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით წარმატებით გაართვა თავი. შემიძლია, განვაცხადო, რომ სამშობლოში დაბრუნდა 12 477 მოქალაქე. ეს რაოდენობა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაბრუნების პროცესში, გარკვეულ ჯგუფებს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭათ.
„საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განვსაზღვრეთ შესაბამისი კრიტერიუმები, თუ ვის უნდა მინიჭებოდა პრიორიტეტი დაბრუნების პროცესში. სამშობლოში დავაბრუნეთ 483 ქრონიკული დაავადების მქონე პირი, 34 შშმ პირი, 102 ორსული ქალბატონი, 435 მცირეწლოვანი, 259 ხანდაზმული, 794 სტუდენტი, 173 ონკოპაციენტი, 90 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი და 1118 ტრანზიტული მგზავრი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.