ორშაბათიდან პენიტენციურ დაესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები დარჩება და მოკლევადიანი პაემნები მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული.
„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესბეულებებში ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ, რომელსაც პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან. მნიშვნელოვანია, რომ გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრედებულების კონტაქტი რაც შეიძლება მალე აღდგეს და ასევე, იმ ბრალდებულების, ვისაც კანონით ამის უფლება აქვს. თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია. ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციული ზომები იქნება ისეთი მკაცრი, როგორიც იყო აქამდე და ორშაბათიდან ხანმოკლე მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ასევე, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა. ასევე ამანათების საკითხი იყო პირველი, რომელიც გაიხსნა. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, გზავნილების და ამანათების ის საკმაოდ დიდი ტალღა, რასაც მოველოდით, არ არის სახეზე და ჩვენ ვართ ამანათების მიღების ჩვეულ რეჟიმში, როგორც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში“, - განაცხადა წულუკიანმა.